ლატვია კარა-მურზას განაჩენის გამოტანის მონაწილე 10 რუსს სანქციებს უწესებს

ლატვია კარა-მურზას განაჩენის გამოტანაში მონაწილე 10 რუსს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამასთანავე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ევროკავშირს რუსებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსის წინაღმდეგ, რომლებიც ამ “ფიქტიურ საქმეში” მონაწილეობდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები” – წერს რინკევიჩი.

ცნობისთვის, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი კრემლმა, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა და 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს. მას ბრალად ედება  რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.