ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა.

“5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა.

ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – დაწერა “ტაბულას” რედაქტორმა, ცისია კირვალიძემ სოციალურ ქსელში.

“ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ “დაიცვა” ჩემგან. კვერცხი ისროლა, მაგრამ მანქანას მოხვდა. დაზიანება არ მაქვს. ზომბირებული ჰყავთ ხალხი და ალაგ-ალაგ აგზავნიან ხოლმე. ადამიანი იყო შეურაცხადი, ვერ გავიგე, რა უნდოდა. გავიგე, რომ ერეკლეს იცავდა, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვა, რომ არ გეთანხმები, არა, მაინც და მაინც ის უნდოდა, სანამ დედის გინება არ დაიწყო, ვერ შეიკავა თავი. პოლიცია არ ყოფილა იქ”, – უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ფორმულას.