ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი კომპანია ჰეინეკენი რუსეთიდან მიდის. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა:
“როგორც უკვე ცნობილია, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მოღვაწეობის სტრატეგიული ანალიზი. შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ჰეინეკენის საკუთრების უფლება და ბიზნესი რუსეთში აღარ არის მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი არსებულ პირობებში. შედეგად გადავწყვიტეთ რუსეთი დავტოვოთ “– ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ უკვე შეაჩერა ახალი ინვესტიციები და ექსპორტი რუსეთში, ასევე შეწყვიტა ქვეყანაში მისი ლუდის – Heineken–ის წარმოება, გაყიდვა და რეკლამირება.
“ღრმად შეძრწუნებულნი და დამწუხრებული ვართ იმით, რომ ომი უკრაინაში გრძელდება და მწვავდება. ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად გადავცეთ ჩვენი ბიზნესი ახალ მფლობელს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონების სრული დაცვით, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და შევამციროთ ნაციონალიზაციის რისკები, გადავწყვიტეთ რომ გავაგრძელოთ შემცირებული მაშტაბით ოპერირება გარდამავალ პერიოდში.“– განაცხადა კომპანიამ.
ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე ხელფასს გადაუხდის რუსეთში მის 1800 თანამშრომელს და გააკეთებს ყველაფერს, რომ სამომავლოდ მათი დასაქმება უზრუნველყოს.
ჰეინეკენი რუსეთის დატოვების გამო დაახლოებით 400 მილიონი ევროს ზარალს ვარაუდობს. ამის მიუხედავად კომპანია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიას გაყიდის, მისი რუსეთში ნებისმიერი ფორმით ყოფნა შეწყდება.