მაკრონი გამოდის წინადადებით ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს წინააღდმეგ შექმნილი კოალიცია ჩაერთოს

საფრანგეთის პრეზიდენტი გამოდის წინადადებით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო  კოალიცია გაფართოვდეს და ის ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლისთვის  იქნას გამოყენებული.

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს ისრაელში ჩავიდა და შეხვედრები გამართა ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან.

პრემიერ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ისრაელი  ტერორიზმს საერთო მტრად თვლიან.

 

„საფრანგეთი მზადაა, რომ  ISIS-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ერაყსა და სირიაში ოპერაციების განსახორციელებლად, ასევე იბრძოლოს ჰამასთან.“განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 

მაკრონმა ასევე ისაუბრა  რეგიონული კონფლიქტის რისკების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლა „უნდა იყოს უმოწყალო, მაგრამ არა წესების გარეშე“.

 

თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება  კოალიციის გამოყენება, რომელშიც ათობით ქვეყანა შედის და რომელსაც აშშ მეთაურობს, ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის ვებგვერდზე, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა, წერია, რომ კოალიცია  მხარს უჭერს რეგიონის სახელმწიფოებს „ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მარცხის  მიღწევაში ერაყსა და სირიაში,“ ასევე, უწევს მათ კონსულტაციას, და დახმარებას, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებით.