მაკრონი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს თელ-ავივში ჩავიდა რათა გამოხატოს სოლიდარობა ისრაელის მიმართ 7 ოქტომბერს პალესტინის დაჯგუფება ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ვიზიტის დროს საფრანგეთის ლიდერი, სავარაუდოდ, გამოვა მოწოდებით„დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“ ღაზას სექტორში, იმ დროს, როდესაც ისრაელი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს პალესტინის ანკლავზე და ემზადება სახმელეთო შეტევისთვის, წერს AFP პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.

დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან. გარდა ამისა, AFP-ის ცნობით, თელ-ავივში მაკრონი უნდა შეხვედროდა ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპული ან ღაზას სექტორში მძევლად მყოფი საფრანგეთისა და ფრანკო-ისრაელის მოქალაქეების ოჯახებს.

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ეს შეხვედრა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შედგა.

საფრანგეთის სულ მცირე შვიდი მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა ჰამასის მძევები არიან, მაგრამ დადასტურებული მხოლოდ ერთი ფრანგი ქალის მძევლობაა.

მანამდე სოლიდარობის ვიზიტებით ისრაელში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი .