ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი ეხმიანება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ენმ–ს უნდა ეყოს ერთი ადგილი, აიღოს პასუხისმგებლობა და დაიხსნას საპატიმროდან თავისი თავმჯდომარე”.
მამულაშვილის შეფასებით, გიორგი ვაშაძე “ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთას ასრულებს”.
“გიორგი ვაშაძე ყოველთვის იყო ვიღაცის ჩრდილი. როგორც პოლიტიკოსი არც აქამდე არ იყო და არც ახლა შედგება პოლიტიკოსად. ამ ჯერზე სავარაუდოდ ისევ ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთას ასრულებს და ცდილობს, რომ შემოიტანოს დისონანსი და განხეთქილება ოპოზიციაში. ის არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ შეეკედლა ოპოზიციას, მერე გამოვიდა და ბრუტუსის როლს თამაშობს. ცდილობს, მაქსიმალურად რომ ნიკა მელიას დაუპირისპირდეს”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
მამულაშვილის განცხადებით, ვაშაძეს “ავადმყოფური ამბიცია აქვს”.
“ერთადერთი რაც მას აწუხებს, ის არის რომ აქვს ამბიცია, რომელიც დაუკმაყოფილებელია, მაგრამ არ აქვს ამბიციის გასამართლებლად არაფერი. ძალიან კარგია, როცა ამბიცია გაქვს, მაგრამ როდესაც ავადმყოფური ამბიცია გაქვს და 3%–იანი გიორგი ვაშაძე 45%–იანი ნიკა მელიას უპირისპირდება, ამბიციას ვეღარ იკავებს, ბოღმას ანთხევს. გიორგი ვაშაძის პოლიტიკური მოღვაწეობა შემიძლია იმ ერთი სიტყვით შევაჯამო, რის არქონასაც ნიკა მელიას უწუნებს”,– აღნიშნავს ნონა მამულაშვილი.