საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს”.
“ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.
ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ “სამაინთან” და კარლოს დიდთან (742?-814);
თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე და მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;
თუმცა, მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე დამკვიდრდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების ირლანდიელებიც.
როგორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწორედ მათ გადმოიტანეს ირლანდიიდან “სამაინი” და სხვა წეს-ჩვეულებები, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.
დასავლეთიდან მოსული ეს ტალღა შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილ ხატთაყვანისმცემელ მიგრანტებს, რომლებიც ხატებითა და წმ.ნაწილებით დატვირთული გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;
დევნილები რომის ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა, – რომის პაპებმა შეიწყნარეს, რომლებიც განუყოფელი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდნენ.
პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად. პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია;
ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი ნიშნავს Halloween – All Hallows Eve – ყველა წმინდანის მწუხრს), რომელის დროსაც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ლიტანიობით უვლიდა ტაძრებსა და ქალაქებს.
ეს დღესასწაული დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;
როგორც ჩანს, კალენდარული დამთხვევის გამო, კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა – ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმისა (,,სამაინის“ ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაულისა ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა, რასაც დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე (რომელიც 2 ნოემბერს, ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ, ) აღინიშნებოდა;
ასე დაედო სათავე დიდ აღრევას.
რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემა გაუქმდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;
*ხოლო XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს.
ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია” – წერს საპატრიარქო.