ამ დროისთვის ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის მაგნიტუდა მაროკოს გეოფიზიკური ცენტრის ინფორმაციით 7.2 ბალი იყო. დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად მუდმივად იზრდება.
გუშინ გვიან საღამოს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი მარაკეშის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში , ატლასის მთებში მდებარეობდა. ამ მთიან რაიონში ბევრი მივარდნილი სოფელია,. ამ სოფლებამდე მიღწევა ადვილი არ არის. შესაბამისად მსხვერპლის საბოლოო რაოდენობის დადგენას სავარაუდოდ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება. ადგილობრივები სამაშველო სამუშაოებში დახმარებას ითხოვენ.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით გუშინ საღამოს 11 საათისთვის დაიწყო. მარაკეშის გარდა ბიძგები იგრძნობოდა სანაპირო ქალაქებში– რაბათში, კასაბლანკასა და ეს–სუვეირაში.ადგილობრივი არხები ავრცელებენ სამეთვალყურეო კამერებით დაფიქსირებულ მიწისძვრის მომენტის კადრებს.
სააგენტოების ცნობით, მარაკეშის ძველ უბანში, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივა ტელევიზიამ აჩვენა ჩამონგრეული მინარეთის კადრები.
მთელი ღამე რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებმა მიწისქვეშა ბიძგების შიშით ღია ცის ქვეშ გაატარეს.
ადგილობრივი ჩინოვნიკების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მთიან რაიონშია, სადამდე მიღწევა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება რთულია.
მაროკოს დახმარებას სხვადასხვა ქვეყნები სთავაზობენ.