“საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა. 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში.[…] შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს უნდა გადაენაცვალათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება რათა არ მისცემოდათ იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. მოწყოთ მათთვის სირცხვილის კორიდორები და ასევე განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე.
მოწოდების შესაბამისად აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით.[…] ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები”.
აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.