მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა III მოსმენით მიიღო

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.კანონში ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღდეგი იყო.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდა.

კანონპროექტით იცვლება “სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის” გავრცელებასთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისის უფლება ექნება, მაუწყებელი დააჯარიმოს. ამასთანავე კანონის ახალ რედაქციაში მმართველი გუნდის დეპუტატებმა “უხამსობის” პუნქტი მოქმედი კანონმდებლობის 56-ე მუხლიდან ამოიღეს, უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა) და კომუნიკაციების კომისიის განსჯას დაუქვემდებარეს.

“მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას.

იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“ – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა არის საჭირო.