ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს.
მისი შეფასებით, ომბუდსმენი პირველ რიგში პატიმრებზე უნდა მუშაობდეს, ამიტომ ლომჯარიას მოუწოდებს, იურიდიული კომიტეტის სხდომებს დაესწროს.
“უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში”,– ამბობს წულუკიანი.