“მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?“–გიგი უგულავა ისნის მაჟორიტარად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე

“მეგობრებო ნაცმოძრაობიდან, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?
სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“– ასეთი კომენტარი გააკეთა ფეისბუქზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე, ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დაყენების შესახებ.
გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხშაბათს, რამდენიმე დღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობა თბილისში რვიდან მხოლოდ ორ ოლქში აყენებდა კანდიდატურას, დანარჩენი ექვსი ოლქი კი დანარჩენ ოპოზიციას დაუთმო.

ისნის ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეა, რომელთანაც ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება ბოლო დროს გამწვავდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშაძე ისნის მაჟორიტარად დასახელდა როგორც “გაერთიანებული ოპოზიცია–ძალა ერთობაშია“–ს წარმომადგენელი. მას შემდეგ კი, რაც ეს გაერთიანება დატოვა მისი კანდიდატურა საერთო კანდიდატი ვეღარ იქნება.

ნაციონალური მოძრაობის ამ პოზიციას არ ეთანხმება დანარჩენი ოპოზიცია. ლეიბორისტების ოფისის ფორმატში მოთანამშრომლე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პირობის დარღვევა იქნებოდა.

თუმცა ენმ–ს წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია.

გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი საარჩევნო ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.

მანამდე კი ჯერ კიდევ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაშაძე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში 20 აგვისტოს დაადანაშაულა. მაშინ პარტიაში ამბობდნენ, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის დასახელება, “ლეიბორისტული პარტიის” ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა,  სალომე სამადაშვილმა დღეს „მთავარის“ ეთერში განმარტა, რომ პარტია თავიდანვე უჭერდა მხარს ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას „ოცნების“ კანდიდატების წინააღმდეგ.

„სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ერთიან კანდიდატებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში და დღესაც მხარს ვუჭერთ ბატონ ნათელაშვილს, ქალბატონ ხოშტარიას და სხვებს. თუმცა, რაც შეეხება ისანს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულ კანდიდატად დასახელდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ვაშაძის გარშემო შეცვალა მისი შანსები, რომ დაამარცხოს ივანიშვილის კანდიდატი“, – ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ საარჩევნო ოლქში მოიგოს, რაც შეეხება დეკანოიძის კანდიდატურას – „ძალიან დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ის კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ ოლქში დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს.  მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვაშაძის წარდგენა მოხდა, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას – „ძალა ერთობაშია“ და სწორედ ამ გაერთიანების სახელით დასახელდა ის. ამის შემდგომ მან გადაწყვიტა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი დაეყენებინა საბურთალოს ოლქში კანდიდატად. გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება.

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, მან თავად გადაწყვიტა ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთობაში და ამ გადაწყვეტილების გამო გახდა აუცილებელი ისნის ოლქთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა“, – აცხადებს სამადაშვილი.

ენმ–ს წევრების მტკიცების მიუხედავად “ლეიბორისტულ ფორმატში“ შეკრებილი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას არ მიესალმება და არასწორ ნაბიჯად თვლის:
“ჩვენ შეთანხმების ერთგული ვრჩებით, შესაბამისად ისანში მხარს გიორგი ვაშაძეს დავუჭერთ.კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ხატიას წარმატებას არ ვუსურვებ. დრო გამოაჩენს რომ ეს ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო.“ – ამბობს გიგი უგულავა.
ხატია დეკანოიძემ ისანში მის მაჟორიტარად დასახელების შესახებ ფეისბუქზე დაწერა:
“ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ : თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.
მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის.
მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის.
შეხვედრამდე.. #თქვენიხატია“