“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს სურდა, რომ მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადადებულიყო. კობახიძემ რუსთავი2–ის ეთერში განაცხადა, რომ “ოცნების” წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა.
“გვქონდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, იყო პრინციპული წინააღმდეგობა. 17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც გვქონდა გუნდის სხვა წევრებს. თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. უცბად შეიცვალა ეს პოზიცია. ..დაახლოებით 5 საათი იყო, როდესაც კომუნიკაცია შედგა, როდესაც პირველად წარმოიშვა ეს საკითხი. მანამდე ყველა იყო აბსოლუტურად ერთ აზრზე. დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო, არ იყო მყარი.. არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანის კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ. მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობთ იმაზე, რომ პირიქით – კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა, თქვენ თუ გახსოვთ 2 დღეში ოფისში ადამიანების კონცენტრაცია პირიქით გაიზარდა, რამაც შედარებით, გაართულა ოპერაციის ჩატარება“ – ამბობს ირაკლი კობახიძე. მისი თქმიით, გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ მასთან 10 წუთით ადრე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.
“მეორე დილასაც, ვიდრე განცხადება გაკეთდებოდა, პირადად მე და პრემიერს – გახარიას, საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ მეგობრული ტონით გვქონდა. მაგრამ რაც შეეხება არგუმენტებს, აქ იყო წინააღმდეგობა. გვქონდა ჩვენი არგუმენტები, მე გავუზიარე მას კიდევ ერთხელ ეს არგუმენტები. მას ჰქონდა კვლავაც იგივე პოზიცია და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა, მან გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით….. – ამბობს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიასთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია აღარავის აქვს.
ის აღარ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, ეს კომუნიკაცია აღარ არსებობს“, – თქვა მან.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს, 22:00 საათის შემდეგ შეუფარდა.
გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მან თქვა, რომ არ ემხრობა ნიკა მელიას დაპატიმრებას იმ ფორმით, რომელიც პრობლემებს შეუქმნიდა ქვეყანას, თუმცა ამაში თანაგუდელები ვერ დაარწმუნა.გახარიას გადადგომის შემდეგ, “ოცნების” მთავრობამ მის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა, მეორე დღეს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმი განხორციელდა და მელია დააკავეს.