თბილისის მერიამ ქუჩების მოსარეცხად 5 მილიონ ლარად, 10 ცალი რუსული წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალება КАМАЗ შეიძინა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ დასჭირდა “თბილსერვის” ჯგუფს ხუთ მილიონამდე ლარის გადახდა რუსული ტექნიკისთვის, როცა შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ფასში, მსგავსი მახასიათებლების ევროპული ტექნიკა შემოეყვანათ ქვეყანაში.
მათივე თქმით, თბილისის მერიას შეეძლო უარი ეთქვა რუსულ ტექნიკაზე და ტენდერის პირობებში დაეწესებინათ შეზღუდვა, რუსული ტექნიკის შეზღუდვაზე.
ცნობისთვის, დღეს თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება. მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ 100-ზე მეტი ქუჩა, ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, პანდუსი და სხვა სივრცეები ყოველდღიურად მოირეცხება.
”ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია, დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს. მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები,მ ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან, ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული”. – განაცხადა კალაძემ.