მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტაფანემ იღუმენი დანიელ გვილავა განკვეთა. ამის შესახებ ბრძანება მან 30 მაისს, ქადაგებაზე წაიკითხა.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, რაც გამოვლინდა ასევე სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და გადმობარების მიზნით შექმნილი კომისიისადმი მიზანმიმართული და უხეში წინააღმდეგობის სახით.
განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე,” – თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ.
იღუმენი დანიელი ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში და კორუფციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მეუფე სტეფანე ეპისკოპოსი გახდა, მაგრამ “კაცი ვერ გახდა”.
„ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი სტაფანესგან განსხვავებით, სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს, აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, ამას სულ ვამბობდი, მოვიდნენ დაათვალიერონ, ნახონ რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ“, – განაცხადა მამა დანიელ გვილავამ.