ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო შესწავლილი ჯერ კიდევ ასი წლის წინ, თუმცა მეცნიერებს დღემდე ამ ორგანოს არსებობის შესახებ წარმოდგენა არ ქონდათ.
აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების უახლესი სკანერით – PSMA PET/CT –ით გამოკვლევისას. კონტრასტული ტომოგრაფიისას, რომლის დროსაც სისხლში რადიოაქტიური გლუკოზა შეყავთ, ეს სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი ორგანიზმში სიმსივნეს პოულობს. თუმცა ამ შემთხვევაში ცხვირხახის უკან სრულიად სხვა რამ აღმოაჩინეს.
“ადამიანს დიდი სანერწყვე ჯირკვლების სამი ნაკრები აქვს, თუმცა არა ამ ადგილზე. აქამდე ცნობილი იყო, რომ სანერწყვე ჯირკვლები ცხვირხახაში მიკროსკოპიულად პატარები იყო და დაახლოებით ათასამდე ჯირკვალი ლორწოვან გარსზე თანაბრად იყო გადანაწილებული. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა ეს ჯირკვლების ნაკრები აღმოვაჩინეთ“ – ამბობს ჰოლანდიის კიბოს ინსტიტუტის რადიოლოგ–ონკოლოგი ვაუტერ ვოგელი.
ნერწყვის ჯირკვლები გამოიმუშავებს ნერწყვს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვის. მის დიდ ნაწილს ჯირკვლების სამი ძირითადი ნაკრები გამოყოფს, რომლებიც პაროტიდული, ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლების სახელით არის ცნობილი.
ადამიანის ორგანიზმში კიდევ დაახლოებით ათასი წვრილი სანერწყვე ჯირკვალია. ისინი მთელი პირის ღრუსა და სასუნთქი ტრაქტის გასწვრივ არიან განლაგებული, თუმცა იმდენად პატარები არიან, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება.
ჰოლანდიელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ აღმოჩენილი აქამდე უცნობი სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე ნაკრები გაცილებით მსხვილია, ის ცხვირის უკან, ზუსტად თავის ცენტრში მდებარეობს.
დღემდე უცნობი ჯირკვლები ასივე პაციენტს აღმოაჩნდა, რომლებიც ახალი აპარატის დახმარებით გამოიკვლიეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა ორი – ქალის და მამაკაცის ცხედრების გაკვეთისასაც დაადასტურეს ცხვირხახის უკანა კედელზე არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა აქამდე არავის შეუმჩნევია.
“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს სტრუქტურა აქამდე არცერთ წყაროში არ არის აღწერილი“ – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Radiotherapy and Oncology–ში გამოქვეყნდა.
ვიდეოში კარგად ჩანს ახლადაღმოჩენილ ჯირკვლების განლაგება და მათი აგებულება.