როგორც გაბეჩავა ამბობს, აგარაკი ნარეკვავში იმიტომ იქირავეს, რომ იქ მისმა კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. დაბადების დღეზე გაბეჩავამ კლასელები და მეგობრები დაპატიჟა, საიდანაც ბევრი ერთმანეთს არ იცნობდა.
„დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა – “მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო”, არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის”,- განაცხადა ანა გაბეჩავამ.
გაბეჩავას თქმით, დაბადების დღეზე პირველი სიტყვიერი შელაპარაკება მოზარდებს შორის დაახლობით საღამოს 10 საათზე მოხდა, თუმცა მალევე სიტუაცია განიმუხტა.
როგორც გაბეჩავა ჰყვება, ახალგაზრდებს შორის პირველი სიტყვიერი კამათის მიზეზი ის იყო, რომ დიჯეის, კოკო ღიბრაძეს, წვეულებაზე მყოფებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. კერძოდ, უთხრეს მუსიკა შეეცვალა და დაეკრა ის რაც მათ სურდათ. საქმის ფიგურანტის განმარტებით, ამ ეპიზოდის შემდეგ გაუგებრობა მალევე ამოიწურა, ახალგაზრდები დამშვიდნენ და დაძაბული ფონი განიმუხტა.
„იყო ორი ჯგუფი, ნახალოვკელები და საუბრთალოელები. მე თვითონ ნახალოვკელი ვარ და ვიყავი მათთან. მერე ამოვიდნენ საბურთალოელები. თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია. დიჯეი კოკო, ჩემი მეგობარია. იგი თავისი აპარატურით ამოვიდა, როდესაც აწყობდა ერთ-ერთმა ნახალოვკელმა უთხრა დიჯეი რაღაც ჩართეო. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, ეს იყო პირველი კონფლიქტი“,- ამბობს გაბეჩავა.
დაახლოებით ერთ საათში კამათში მონაწილეებს შორის ურთიერთობა, მკვეთრად შეიცვალა. გაბეჩავა ამბობს, რომ სტუმრები ერთმანეთს აგარაკის მიმდებარედ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, ფაქტს თვითონ არ შესწრებია.
18 წლის გოგო ამბობს, რომ მის დაბადების დღეზე ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი იყო. ის აგარაკზე, კიდევ 2 დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად მივიდა. ჩიქოვანი ნარეკვავში ჩადის პირველი სიტყვიერი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა უკვე მეორე ეპიზოდში სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისიც მონაწილეობს.
„მე სახლში ვიყავი და რატომ იკამათეს არ ვიცი. გავიგე გვიან, უკვე როცა ჩხუბზე გადავიდნენ და როდესაც გამოვედი უკვე ნაცემი იყვნენ ნახალოვკელები, ორი პიროვნება დავინახე ჩიქოვანი და ხეჩიშვილი – ნაცემი, იქ გავიგე რომ ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძეც, ბარბაქაძეც, საბურთალოელების მხრიდან არავინ იყო დაშავებული. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი“,-განაცხადა ანა გაბეჩავამ.
აგარაკის გარეთ ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა. ანა ამბობს, რომ ამ დაპირისპირებების შემდეგ აგარაკიდან ჩხუბში მონაწილე ყველა ახალგაზრდას მოსთხოვა, რომ წვეულება დაეტოვებინათ. ადგილზე მყოფებმა სახლი ღამის 12 საათამდე დატოვეს.
აგარაკზე რჩებიან იუბილარის ახლო მეგობრები და ასევე გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. იუბილარი ამბობს, რომ არცერთ მათგანს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, აგარაკის დატოვება მათ ამიტომაც არ მოსთხოვა. წვეულების მონაწილეთა ნაწილმა დაბადების დღის აღნიშვნა ლისზე, ერთ–ერთი მეგობრის სახლში გადაწყვიტა. ანა გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრები ორ მანქანაში გადანაწილდნენ, შაქარაშვილი და კიდევ ხუთი ახალგაზრდა კი ამ მანქანებში ვერ ჩაეტივნენ, ამიტომაც ტრასაზე ტაქსის გაჩერება გადაწყვიტეს. ტრასაზე მათი გასვლის შემდეგ კი ჩხუბში მონაწილე ნაცემი ახალგაზრდები უფროსებთან ერთად, კერძოდ მორაგბეებთან არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძესთან ერთად სამაგიეროს გადასახდელად დაბრუნდნენ. რკინის ხელჯოხებით შეირაღებული ადამიანები 2 ავტომობილით გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს გადააწყდნენ.
ანა გაბეჩავა ყვება, რომ მათ ტრასაზე მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგეს, თუმცა დეტალები არ იცოდნენ. მათთვის დეტალები არც ფოტოგრაფ ბრგევაძეს მოუყოლია, რომელსაც ლისზე შემთხვევით შეხვდნენ. ფოტოგრაფმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ის გაიქცა, დაიმალა, პატრული გამოიძახა, რომელმაც თბილისში ჩამოიყვანა.
18 წლის გოგო ამბობს, რომ ის საზოგადოების მხრიდან დიდ აგრესიას შეეჯახა. ბევრი წერს, რომ მან თავი უნდა მოკილას, მას მკვლელსაც უწოდებენ და სხვადასხვა შეურაცმყოფელი ეპითეტებით მიმართავენ.
“არის ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება, ვინც ჯანსაღაც აზროვნებს და ჩემს მდგომარეობაში შედის, ბევრ კარგ სიტყვას მწერს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ალბათ არ სურთ, რომ მეც გამიგონ, მე მადანაშაულებენ ყველაფერში, რომ თითქოს წინასწარ დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და ასე უნდა მომხდარიყო. შენ რატომ არ მოკვდი მის მაგივრად, უარესის ღირსი ხარ–ასეთებსაც მეუბნებიან.
მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ, მეც ძალიან განვიცდი ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში.
ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადავდიოდი სრულიად, გამოცდები, ეროვნულები, ვეღარც გამოცდებზე ვერ გავედი. მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. “– ამბობს გაბეჩავა.