ალეკო ელისაშვილი “ქართულ ოცნების” გადაწყვეტილებას ოპოზიციისთვის მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში არავის ელოდება, რადგან “მილიონი საქმე” აქვს, თუმცა ოპოზიციას მოუწოდებს, მემორანდუმს შეუერთდნენ.
“ცოტა მეტი პასუხისმგებლობით და გამბედაობით მოეკიდონ, თავის ამომრჩეველს ყველა დაელაპარაკოს, აბა, ამომრჩეველს და ხალხს ის ადარდებს, ვინ შევა და ვინ არ შემოვა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი.
კარგი გადაწყვეტილებაა მანდატების არშეწყვეტა. არ შეიძლება შანტაჟით ლაპარაკი არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან. კარი არ იხურება და მოლაპარაკება გაგრძელდება. მემორანდუმს შემოუერთდნენ, არ მოსწონთ რამე მუხლი? გააუმჯობესონ, მოსწონთ? შემოუერთდნენ. ძალიან კარგი მემორანდუმი დევს მაგიდაზე. ორმა კაცმა შევძელით ეს, 54 ხომ არიან და გააუმჯობესონ. მე არავის ველოდები, მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო”, – აცხადებს ელისაშვილი.
ცნობისთვის, ქართული ოცნება ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს.