რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია, შეიძლება ითქვას, შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი – 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ, პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები, იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება.

თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენცია.