მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად – მეუფე ნიკოლოზი

მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს ხალხის გასამხნევებლად აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

„სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისაგან, ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობისა მიგვაჩნია გაუმართლებლად. ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს. აცრის ან აუცრელობის დაძალება არის ყოვლად გაუმართლებელი და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორ საქციელად მიმაჩნია.

ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება – ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.