პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.
სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. . ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.
გარდა ამისა, პრემია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.
2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. თითოეულ ლაურეატს ჯილდოს სახით 50 000 ევრო გადაეცემა.