მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომენტი დადგა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ეპიდემიის გავრცელება საქართველოში საგანგაშო არ არის, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ მაისის ბოლოს ეპიდსიტუაცია კარგი იქნება.

მისი თქმით, მთავრობამ შეზღუდვები დროზე ადრე არ უნდა შეამსუბუქოს და შემსუბუქების მომენტი ,,რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს”.

„როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.