მთავრობა რადიო მაუწყებლებს მილიონ-ნახევრამდე ლარის დავალიანებას ჩამოაწერს

მთავრობა  24 რადიო მაუწყებელს  მილიონ-ნახევრამდე ლარის დავალიანებას ჩამოაწერს. ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 28 ივნისს დამტკიცდა.თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რადიო კომპანიები წლის ბოლომდე მომსახურების საფასურსაც არ გადაიხდიან.

“რამდენიმე ხნის წინ ჩვენ და ასევე, მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე კომპანიამ, რადიოკომპანიებმა, ვინც მოითხოვეს ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნეს კორონავირუსის პანდემიით და ჩვენ მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც ძირითადი შემოსავალი რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და შემოსავლები მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება ამ რადიო მაუწყებელი კომპანიების მიმართ”, – განაცხადა თურნავამ.