“მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება”, – წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ფეისბუქზე.
დღეს მას ბერლინის აეროპორტში საქართველოს საკონსულომ საქართველოში გამოშვებაზე უარი უთხრა. მუხთარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ “საბუთები არ ჰქონდა წესრიგში”.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.
მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, ჟურნალისტს საბუთები წესრიგში აქვს.
“ეტყობა მიზეზი ვერ მოდეს ვერაფერი და უთხრეს, წესები შეიცვალაო. გარე ძალები არ ვიცი, რა ძალებია ჩარეული, მაგრამ ფაქტია, რომ ხელს უშლის ჩვენი საკონსულო სამსახური, თუ რა სამსახურიც არის იქ წარმოდგენილი”, — ამბობს ჩოფიკაშვილი.