მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან – სამხარაძე

“მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან” – ამის შესახებ,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

”ჩვენი პარტნიორებიდან და ჩვენი თანამოსაუბრეებიდან ყველა თითქმის ისე აღიქვამს სიტუაციას და ზუსტად ისევე აანალიზებს ამ საკითხს, როგორც ჩვენ, აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ სიტყვებითა და პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან რუსეთის ამ აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს ამ საკითხს, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით და ასევე, დავგეგმეთ ერთობლივი ნაბიჯები, როგორ შეიძლება, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაფიო დასავლეთის მხრიდან და ძალიან მკაცრი,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც რუსეთი მოითხოვს გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.