გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მდევრები მისდევნდნენ. ვიდეოში ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანია, დაადგინოს, “რა შესაძლებლობები არსებობს”, შეიძლება [მისი ჩარბენა] ფიზიკურად თუ არა.
ბილიკის ჩარბენის შემდეგ ის და მისი თანმხლები მამაკაცი ამბობენ, რომ სხეულზე არანაირი დაზიანება არ აქვთ.
“ანუ შეიძლება, რომ ისე ჩამოირბინო, რომ მარტო მობილურის ფანრის შუქზე აქ არაფერი დაგემართოს”,– ამბობს ნიკოლაძე. თუმცა, როგორც ცნობილია, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ღამეს მობილური არ ჰქონია, შესაბამისად, ის გზას ვერ გაინათებდა. გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელი იმ ტერიტორიაზე მანამდე ნამყოფი არ იყო.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.