მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი – ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებას და ამბობს, რომ რეფერენდუმზე საუბარი მიუღებელია.

მისი შეფასებით, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება.

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდანდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, ისმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც არის ღირებული როგორც ევროკავშირითვის, ისე საქართველოსთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები,რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, იმ პოლიტიკის რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ… ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს რუსეთთან შესაერთებლად. ოკუპირებულ რეგიონში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.