მიწისძვრა თურქეთში: რატომ ჩამოინგრა თანამედროვე შენობები ბანქოს სახლებივით?

თურქეთში იზრდება უკმაყოფილება სამშენებლო წესების დაუცველობის გამო, რამაც ბოლო მიწისძვრის დროს ბევრი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია. მედია იმ შენობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, რომლებიც მიწისძვრის დროს დაინგრა.

მალათიაში ერთ-ერთი სახლის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა “აშენდა მიწისძვრის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების შესაბამისად”.

რეკლამაში ასევე ნათქვამია, რომ გამოყენებული ყველა მასალა და სამუშაო იყო “პირველი კლასის”.

რეკლამა აღარ იძებნება, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა თავად რეკლამის და ვიდეოს სქრინშოტის გადაღება და ინტერნეტში განთავსება. რასაც ხედავთ სქრინშოტებში ემთხვევა მსგავსი რეკლამის სტილს კომპანიის ვებსაიტზე.

საპორტო ქალაქ ისკენდერუნში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ დაზიანდა.

მისმა დეველოპერმა გამოაქვეყნა სურათი, რომელშიც ნაჩვენებია   2019 წელს დასრულებული მშენებლობა. დანგრეული შენობის სურათი ემთხვევა კომპანიის მიერ გადაღებულ ბლოკის სარეკლამო სურათს.

მიწისძვრის და ნგრევის შემდეგ სამშენებლო კომპანია კომენტარს აღარ აკეთებს.

კიდევ ერთი სურათზე, რომელიც მედიამ აღმოაჩინა, ნაჩვენებია  სხვა სახლი ანტაკიაში, რომელიც2019 წელს  დასრულდა.

2019 წლის ნოემბერში ამ საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიის ამსახველ ვიდეოში მშენებელი კომპანიის მფლობელი ამბობს: „გუკლუ ბაჰჩეს პროექტი სხვებთან შედარებით განსაკუთრებულია თავისი მდებარეობითა და მშენებლობის ხარისხით“.

ექსპერტების აზრით, მიუხედავად ბოლო მიწისძვრის სიმძლავრისა, ყველა წესის დაცვით აშენებული შენობები უნდა გადარჩენილიყო.

„ამ მიწისძვრის დროს ბიძგების მაქსიმალური ძალა დამღუპველი იყო, მაგრამ ცალსახად არ შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი იყო კარგად აშენებული შენობების დასანგრევად“, ამბობს დევიდ ალექსანდერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვისა და მართვის პროფესორი.

„უმრავლეს ადგილას ბიძგები მაქსიმალურზე ნაკლები იყო, ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ათასობით შენობიდან, რომლებიც ჩამოინგრა, თითქმის ყველა მათგანი აშენებული იყო სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით, რომლებიც მიწისძვრისგან მდგრადობას ეხება“–დასძენს ალექსანდერი.

სამშენებლო წესების შეუსრულებლობა

თურქეთმა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები შემოიღო 1999 წელს იზმიტში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად 17000 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, სტიქიური უბედურებების შემდეგ, წესები 2018 წელს კიდევ გამკაცრდა.

უახლესი რეგულაციების მიხედვით, მიწისძვრისადმი მიდრეკილ რეგიონებში მშენებლებმა უნდა გამოიყენონ ფოლადის არმატურით გამაგრებული მაღალი ხარისხის ბეტონი. სვეტები და საყრდენი ბოძები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ეფექტურად შთანთქას მიწისქვეშა ბიძგებით გამოწვეული რყევები.

თუმცა, ეს წესები ცუდად არის დაცული.

„პრობლემის ნაწილი არის ის, რომ არსებული შენობების რეკონსტრუქცია ძალიან იშვიათად ხდება, და ახალი შენობების აშენებისას კი ნორმებს არასათანადოდ იცავენ“ –ამბობს პროფესორი ალექსანდერი.

მაგალითად, იაპონიაში – მიწისძვრების მაღალი რისკის კიდევ ერთ ქვეყანაში – არის ძალიან მკაცრი სამშენებლო  ნორმები. სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნები განსხვავდება მშენებარე შენობის მიწისძვრების ყველაზე დიდი რისკის მქონე ტერიტორიებთან სიახლოვის მიხედვით.

რატომ არის თურქეთში წესები ასე ცუდად დაცული?

თურქეთის მთავრობა პერიოდულად ახორციელებს შენობების ე.წ. ფაქტობრივად, ეს არის  უსაფრთხოების სტანდარტების სერტიფიკატების გარეშე შენობების მშენებლობისთვის ჯარიმებისგან ოფიციალურად გათავისუფლება.

ასეთი ამნისტიები 1960-იანი წლებიდან გამოიცემოდა (ბოლოს 2018 წელს).

მთავრობის კრიტიკოსები დიდი ხანია ამბობდნენ, რომ ასეთი ამნისტიები კატასტროფის საფრთხეს ქმნის დიდი მიწისძვრის შემთხვევაში.

სამხრეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში 75,000 შენობის მშენებლებმა ასეთი ამნისტია მიიღეს, თქვა პელინ პინარ გირითლიოღლუმ, თურქეთის ინჟინერთა პალატების კავშირისა და არქიტექტორთა და ურბანისტთა პალატის სტამბოლის ფილიალის ხელმძღვანელმა.

ბოლო კატასტროფამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტი აპირებდა დაემტკიცებინა ახალი კანონპროექტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სარგებელს მოუტანს ახალაშენებული შენობების დეველოპერებს.

ამ წლის დასაწყისში გეოლოგმა ჯელალ სენგორმა თქვა, რომ მსგავსი სამშენებლო ამნისტიის დაწესება ტექტონიკური ფილების შეერთების ხაზებით დაქსელილ ქვეყანაში დანაშაულის ტოლფასია.

2020 წელს დასავლეთის პროვინცია იზმირის სასიკვდილო მიწისძვრის შემდეგ, BBC-ის თურქული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ იზმირში 672,000 შენობამ სამშენებლო ამნისტია მიიღო.

ამავე სტატიაში ჟურნალისტებს მოჰყავთ თურქეთის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთში შენობების ნახევარი – თითქმის 13 მილიონი –  წესების დარღვევით აშენდა.

ბოლო მიწისძვრების შემდეგ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს აცხადებს: “ჩვენი ადმინისტრაციის მიერ აშენებული არც ერთი შენობა არ ჩამოინგრა. ადგილზე ზიანის დაჩქარებული შეფასება გრძელდება.”