მკაფიო “ლუზერები”, ყველაზე მეტად წააგეს არჩევნებში– კობახიძე ევროპულ საქართველოზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, სხვა საკითხებზე კი შეუძლიათ ოპოზიციასთან საუბარი.

“ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი”,– ამბობს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე შეფასებით, ამ არჩევნების “ლუზერები” ევროპული საქართველოს წევრები არიან, რადგან მათი მხარდაჭერა შემცირდა.

“გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები”, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის “ევროპული საქართველო”, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი ასევე ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.