ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ საქართველოში წელს 700 ათასი ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 25% აიცრება, ცოტა არ არის.
“თუ 500 ათასი ადამიანისთვის იქნება Novavax–ი საკმარისი, დაახლოებით 200–300 ათასი ადამიანისთვის ასტრაზენეკა და ფაიზერი, ეს უკვე მნიშვნელოვანი პროცენტი იქნება. დაახლოებით 700 ათასი ადამიანი რომ აიცრას შემოდგომა–ზამთრისთვის, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 25%, რაც ცოტა არ არის პირველი წლისთვის.
ახლა უყურეთ – 150 ათასი ასტრაზენეკა ინდოეთთან პირდაპირი მოლაპარაკებით, 130 ათასი კოვაქსის პლატფორმიდან კიდევ ასტრაზენეკა, 30 ათასი დაგვიანებული ფაიზერი, ეს უკვე არის 300 ათასზე მეტი, მილიონი ნოვავაქსის, ეს უკვე არის მილიონ 300 ათასი და კიდევ მიმდინარე მოლაპარაკებები რამდენიმე მომწოდებელთან. წლის ბოლომდე სულ ცოტა მილიონ–ნახევარს მაინც ველით, რაც პირველი წლისთვის საკმარისი რაოდენობაა”,– ამბობს ცერცვაძე რუსთავი 2–ის ეთერში.
ცნობისთვის, მთავრობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წელს მოსახლეობის 60%–ის აცრას აპირებენ, რათა საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას.