მოლაპარაკებებში პატიმრების თემის შემოტანა ხელს უშლის შეთანხმებას – თალაკვაძე

ქართული ოცნების ლიდერეიბს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დასრულდა. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პუნქტები იმ ფორმით ყალიბდება, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია.

“შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი…”,– თქვა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, პოლიტპატიმრების საკითხი მოლაპარაკებას ხელს უშლის, ამიტომ შეთანხმებას დაეხმარება ოპოზიცია, თუ ამ თემას მოლაპარაკებიდან გაიტანს.

“პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატიმრების თემის შემოტანა ამ მოლაპარაკებებში ხელს უშლის საერთოდაც შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზების მცდელობა. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორე მხრივ აყენებს მოთხოვნას, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია.

წარმოიდგინეთ, ერთი ხელით როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლოს, ალბათ გესმით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ამიტომ, ვფიქრობ, შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად დაეხმარება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან”,– აცხადებს თალაკვაძე.