მორალს მოკლებულია, მთავრობა არ უშვებს მოხალისეებს, არ აწესებს სანქციებს და უნდა EU-ს წევრობა – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს წინსვლას, თუმცა მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში, არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს, ეს “მორალს მოკლებულია”.

“როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში წავიდნენ მოხალისეებად და როდესაც ისინი უარყოფენ სანქციებს, არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს არის მოკლებული”, – განაცხადა მან. (სინქრონული თარგმანი).

ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველო არ შეიძლება, არ შეურთდეს სანქციებს და იგივე ბენეფიტები მოითხოვოს, რაც უკრაინას სურს.

მისივე თქმით, განაცხადის შეტანა საქართველოს საზოგადოების ზეწოლის შედეგია.

იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ყველას კარგად ესმის, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი – “სანქციების არდადება კი ნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს პუტინს.”