”თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!”- მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.

საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო…დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე…თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – განაცხადა საა სხვიტარიძემ სასამართლო დარბაზში.

საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა.აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს გვიან ღამით რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.

25 დეკემბერს სხვიტარიძე ფეისბუქ პოსტში, დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.

„მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.[…] „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად“ საქმეს არავინ ასრულებსო“.