მოსკოვში, საკუთარ სახლთან ააფეთქეს გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

დღეს დილით, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი ააფეთქეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა კირილოვი სახლიდან გადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან,  აფეთქების შედეგად სადარბაზოს კარი დაზიანდა და ფანჯრის მინების ჩაილეწა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.

16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ეჭვმიტანილად ცნო. გამოძიების თანახმად, მან პირადად გასცა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება.