მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას, ისინი რობოტები არ არიან – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მრევლი, რომელიც ტაძარში მივა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას.

მეუფე ამბობს, რომ მას შეუძლია მხოლოდ საკუთარ თავზე იყოს პასუხისმგებელი.

„მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. როდესმე თქვენ გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო.

თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა არ მივა,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.