უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურაზე მორიგი ღამის თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები „ისევ ურტყამს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“ და მსოფლიო საზოგადოებას ამაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
“მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ელევატორების და პორტების დაბომბვა ოდესის რეგიონში. 24 ივლისს რუსმა სამხედროებმა მდინარე დუნაიზე უკრაინის პორტებზე პირველი დარტყმები განახორციელეს, რასაც ექსპერტებმა უკრაინის მარცვლეულის ბლოკადის ესკალაცია უწოდეს.
უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდება ფაქტობრივად შეჩერებული, დუნაი განიხილებოდა, როგორც მთავარი ალტერნატივა, რადგან სატვირთო მანქანებით და რკინიგზით ექსპორტი მოლდოვასა და უკრაინის დასავლეთ საზღვრის გავლით ევროკავშირთან იწვევს ფერმერების მზარდ უკმაყოფილებას პოლონეთში და სხვა ქვეყნებში.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია მსოფლიოში და რუსეთის მთავარი კონკურენტი მარცვლეულის ბაზარზე.