უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადებით, რუსმა აგრესორებმა შეანელეს უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი – ჯარები, რომელიც მოკლებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის დროულად შევსებას, შეჩერებულია.
“საოკუპაციო ძალების პერსონალი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა წვევამდელები არიან, გამოფიტულია წინა წვრთნებით და აქვთ დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარის თქმისა და ჩაბარების ფაქტები.
ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქების, სოფლებისა და მაგისტრალების გავლით გადაადგილება და აღება. მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდი ქალაქების კონტროლის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
მტრის მთავარი მიზანი ჩვენი სამშობლოს დედაქალაქის, ქალაქ კიევის ბლოკირებაა, რაც რჩება განუხორციელებლად”,– აცხადებს გენშტაბი.
მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას დიდ ქალაქებში.
“საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით, რუსმა აგრესორმა ვასილკოვში ნავთობის საცავი დააზიანა და ხარკოვში გაზსადენი გაანადგურა. ოკუპანტები აგრძელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მზაკვრულ დაზიანებას.
ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად იყენებენ სამხედრო შენაერთებს და ქვედანაყოფებს”,– წერია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში ომის მესამე დღის ბოლოს ჯამში მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი.
რაც შეეხება ტექნიკას, უკრაინელებმა შეტაკებებისას ჩამოაგდეს 16 რუსული თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, გაანადგურეს 102 ტანკი, 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა და 540 სხვადასხვა ტიპის ბრონირებული მანქანა.