გირჩის ლიდერისა და დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციამ პარკში ეკრანის შეტანაზე უარი უთხრა, ამიტომ დინამოს შესასვლელთან შეიკრიბებიან.
ჯაფარიძის თქმით, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს სამი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. თავდაპირველად მათ ცნობა სთხოვეს, რომ შეკრება კანონიერი იყო, რაც მერიამ რამდენიმე საათში გასცა, თუმცა, ეკრანის შეტანაზე მაინც უარი უთხრეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციას ყველანაირი გარანტია მისცეს, მათ შორის ფინანსური, თუმცა მათგან პრინციპული უარი მიღეს.
“2 მიზეზეზი შეიძლება არსებობს, რატომაც ეს ადამიანი იძახის უარს. ერთი ის, რომ ეშინია, რომ თუ შემოუშვებს პოლიტიკურ პარტიას, ამის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას, ან მეორე არის, რომ ვიღაცა ეუბნება, არ შეუშვა, ეკრანი არ შეატანინოო”,- ამბობს ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.
მისივე განმარტებით, ისინი დინამოს შესასვლელთან შეიკრიბებიან, სადაც დიდ ეკრანზე საქართველო-ბელარუსის მატჩს აჩვენებენ. ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება პარტიული შეკრება, სადაც ასევე უყურებენ ფეხბურთს.
საქართველო-ბელარუსს შორის მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.