ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა, ჯანეზაშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, კონკურსის დასრულების შემთხვევაში, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში დარღვევები იყო 2019 წელსაც, როდესაც 14 მოსამართლე უვადოდ იქნა არჩეული, და ახლაც, როდესაც 11 მოსამართლის ვაკანსია უნდა შეივსოს ქვეყნის უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში. კონკურსის დასრულების შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატების შესარჩევი ასეთი მასშტაბური კონკურსი მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის დამკვიდრებას უწყობდეს ხელს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ღიად უნდა უპასუხოს კითხვას, გასაუბრება რატომ მიმდინარეობს არასტაბილურ რეჟიმში და რატომ დაირღვა კანდიდატების მოსმენებთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ვადები. ამასთანვე, მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, არცერთ შემთხვევაში არ მიმიღია ინფორმაცია კანდიდატების მოსმენისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.