შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცოლ-ქმარი – 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.” – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.