ნაციონალურ მოძრაობაში რეგიონული არჩევნები გაიმართება – ამის შესახებ, პარტიის თავმჯდომარემ, თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგად რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევენ.
“უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ, ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს, ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი.
შესაბამისად, 30 აპრილამდე, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში თუნდაც 1 აგურის დადება უნდა, 30 აპრილამდე, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა.
30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება, ცხადია, იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალიტეტში არჩეული იყოს ამომრჩევლების მიერ და არა პარტიის თავმჯდომარის, სამდივნოს მიერ დანიშნული, ყველა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც ცხადია წარმომადგენლობა ეყოლებათ პოლიტიკურ საბჭოში. 73 პოლიტიკური საბჭოს წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს და აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, როგორც არჩევნებში, ასევე სამუშაო ჯგუფში, რომ იყვნენ წარმოდგენილები ან აქვთ რაიმე ინიციატივა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.