ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგ ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ფრაქციას ტოვებენ. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

”დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე და რაღაც ბრალდებებს იყენებდნენ, რასაკვირველია, უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ ვიმალებით. აქ იყო საუბრები, რომ ლაპარაკია გარიგებაზე – ეს არის უსინდისო ტყუილი.

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებია, ჩვენ არ გვქონია არცერთი შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, არცერთი კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან, არ გვქონია არცერთი სატელეფონო ზარი ქართულ ოცნებასთან. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს კლანთან”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, დღეს 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს კენჭისყრაზე ხმა ხელისუფლების სასარგებლოდ მისცეს.

ესენი არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ხუთივე მათგანი პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” პარტიული სიით მოხვდნენ. დილარ ხაბულიანის გარდა კი დანარჩენი ოთხი დეპუტატი ამ დრომდე ენმ-ს ფრაქციის წევრია.

პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე გადანაწილდა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

კენჭისყრის პროცესი შეჩერდა, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.