გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.
დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ნიკა მელია პარასკევს საღამოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.
ადგილზე მისული პოლიტიკოსები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.