ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ წინასწარი კვლევის მიხედვით შტატში ანტისხეულებზე ტესტირებულთა თითქმის 14%–ში ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ნიუ იორკში 2.7 მილიონი ადამიანი შესაძლოა ამ ვირუსით უკვე იყო დაინფიცირებული ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კვლევისთვის 3000 ადამიანი იქნა შერჩეული. კვლევის სხვა ლიმიტების და თავისებურებების გათვალისწინებით, კუომოს განცხადებით ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 0.5 %–ს შეადგენს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ცოტა ხნის წინ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ნიუ იორკზე, არამედ მთელ მსოფლოიზე შეიძლება გავრცელდეს. აქამდეც არაერთი ვარაუდი გამოითქვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა უსიმპტომო პაციენტების შესახებ და ისინი არ აღირიცხებოდნენ.
ანტისხეულების მასობრივი ტესტირება კი უკვე წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით ან უკვე მოიხადა ისე, რომ ამის შესახებ ვერც გაიგო.
“თუ დაინფიცირების მაჩვენებელი 13.9 პროცენტია, ეს სიკვდილიანობის თეორიებს და მაჩვენებელს ცვლის.“– განაცხადა კუომომ ყოველდღიურ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კვლევა იმ ადამიანებზე იყო მიმართული, რომლებიც მართალია არ მუშაობდნენ, მაგრამ აქტიურად დადიოდნენ პრდუქტების მაღაზიებში და მოძრაობდნენ სხვადასხვა საქმეზე. კვლევა არ ჩაუტარებიათ იმ ადამიანებში, რომლებიც სახლში არიან იზოლირებული.