ნორვეგიის სასამართლო 77 ადამიანის მკვლელი ბრეივიკის ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნას განიხილავს

ნორვეგიის სკიენის ციხეში დაიწყო სასამართლო განხილვა, რომელმაც უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდრეს ბრეივიკის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. 11 წლის წინ მან კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა , ოსლოში კი აფეთქება მოაწყო, რომლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვლა. ბრეივიკმა მისჯილი ვადის ნახევარზე ოდნავ ნაკლები მოიხადა.

ბრეივიკის მოთხოვნას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ტელემარკის ოლქის სასამართლო განიხილავს სკიენის ციხეში გასვლით სხდომაზე, სადაც ექსტრემისტი სასჯელს იხდის.

სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლისას, რომელიც ციხის სპორტდარბაზში მოეწყო, ბრეივიკმა მარჯვენა ხელი აწია, მეორე  ხელში კი ქაღალდის ფურცელი ეჭირა მსხვილი წარწერით: “შეაჩერეთ თქვენი გენოციდი ჩვენი თეთრი ნაციების წინააღმდეგ.“ მკერდზე მას შედარებით პატარა ფურცელი ეკიდა იგივე წარწერით. მოსამართლისადმი მიმართვისას მან საკუთარ თავს ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი უწოდა.

პროცესი მაქსიმუმ 4 დღე გაგრძელდება. გასულ წელს ნორვეგიის გენერალურმა პროკურატურამ ბრეივიკს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. პროკურატურის წარმომადგენელმა, გულდა კარლსდოტირმა სხდომის დაწყების წინ დღეს განაცხადა, რომ მათი უწყება ბრეივიკს ისევ საშიშად თვლის და მისი გათავისუფლება შეცდომა იქნებოდა.

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ბრეივიკს ერთი წლის შემდეგ შეუძლია კვლავ მოითხოვოს ვადაზე ადრე გათავისუფლება.

ბრეივიკი რეგულარულად გზავნის მოთხოვნებს ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გაუგებარია, რისი იმედი აქვს მას, რადგან ამავე დროს აცხადებს, რომ ციხეში კიდევ უფრო რადიკალური გახდა. ის თანმიმდევრულად იყენებს სასამართლო სხდომებს, რომლებზეც ბევრს საუბრობს მედია, რათა ულტრამემარჯვენე იდეები გაავრცელოს.

2016 წელს ბრეივიკმა პატიმრობის არაჰუმანურ პირობებზე იჩივლა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი დაუსაბუთებლად ცნო. 2017 წელს კვლავ დაწერა ანალოგიური სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ბრეივიკის საპატიმრო პირობები სრულიად ჰუმანურად ჩათვალა.

ერთ–ერთ აპელაციაში ბრეივიკმა თავი ნელსონ მანდელას შეადარა და განაცხადა, რომ შეიარაღებული ბრძოლიდან პოლიტიკურ ბრძოლაზე გადავიდა.

ოსლოს უნივერსიტეტის ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ტორე ბერგოს აზრით ბრეივიკი კვლავ რადიკალად და ექსტრემისტად რჩება.

“ახლა ის თავს ნაციონალ–სოციალისტს უწოდეს, და მართალია ამბობს, რომ მისი აზრით კონფლიქტის შეიარაღებულმა სტადიამ ჩაიარა, არანაირად არ დისტანცირდება მის მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობასთან, რომელსაც სრულიად სწორ ნაბიჯად თვლის“ – ამბობს ბერგო.

2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკის მიერ ოსლოს ცენტრში მოწყობილ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, აფეთქების შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე წავიდა, სადაც ახალგაზრდული ბანაკი იყო და ცეცხლი გახსნა. მისი მსხვერპლი 69 ადამიანი გახდა, ძირითადად მოზარდები. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ ოცნებობდა ალ–ქაიდას მსგავსი ტერაქტი მოეწყო: მძევლად აეყვანა და ვიდეოკამერების წინაშე თავი მოეჭრა ნორვეგიის პრემიერისთვის, ჰარლემ ბრუნტლანდისთვის, მანამდე კი მუხლებზე დაეყენებინა, რათა დანდობა ეთხოვა.

77 ადამიანის მკვლელობა ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დანაშაულია. ბრეივიკი კვლავ თვლის, რომ მისი ნაბიჯი მულტიკულტურალიზმისა და მიგრაციისგან თეთრი რასის დაცვისკენ იყო მიმართული.

“ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ მსჯავრდებულსაც უფლება აქვს მოითხოვოს ვადაზე ადრე გათავისუფლება და ბრეივიკი ამ უფლებით სარგებლობს“ – უთხრა ექსტრემისტის ადვოკატმა სააგენტო ფრანს პრესს.

სასჯელის ვადად ბრეივიკს 21 წელი აქვს განსაზღვრული, რომლის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა პატიმრობა გაუხანგრძლივდეს, თუ ხელისუფლება  კვლავ საშიშად ჩათვლის.

ბრეივიკის მიერ მოკლული ადამიანების მშობლებისთვის მისი ყოველი საჯარო გამოსვლა მძიმე საყურებელია. ამჟამინდელი მოსმენის დაწყებამდე, რომლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება, დაღუპულთა ოჯახების დახმარების ჯგუფმა მოუწოდა ყველას, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება დაუთმონ ტერორისტს და მის გამონათქვამებს.

“ამ საქმის ნებისმიერი მოხსენიება, განსაკუთრებით კი თავად ტერორისტის მიერ დიდი დარტყმაა დაღუპულთა ოჯახებისთვის, მშობლებისთვის და ყველასთვის, ვისაც ნორვეგიის ტერაქტები რამენაირად შეეხო“ – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

ჯგუფის ხელმძღვანელი, ლისბეტ რისტინ რეინელანდი, რომლის 18 წლის ქალიშვილი ბრეივიკის მიერ მოკლულთა შორის იყო მედიას აკრიტიკებს.

“ჩემი აზრით ეს აბსურდია – სულ რაღაც 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავუფლების მოთხოვნის გამო მისთვის ამხელა ყურადღების დათმობა“– ამბობს ის.

ბევრი ნორვეგიელი თვლის, რომ ბრეივიკის საქმის რეგულარული სხდომების გამართვა მაინც დადებით როლს თამაშობს.

“სხდომები და ის, როგორც ისინი ტარდება, არსებითად არის კანონის უზენაესობის გამარჯვება ტერორისტ ბრეივიკზე“ – ამბობს ექსპერტი ტორე ბიერგო.