“ყველას დიდი მადლობა, რომ პროცესებზე დადიოდით. გამხნევება მნიშვნელოვანი იყო. განაჩენი ის არ იქნება, რაც თქვენ გაგახარებთ, ამიტომ გთხოვთ, დარბაზში მშვიდად და წყნარად შეხვდით. ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა აზრად არავის მოგვივიდოდა. სამოქალაქო აბსურდია ქვეყანაში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა შექმნა – როცა მსხვერპლი დამნაშავე, მოძალადე კი მოწმეა.
ჩემი სილა სიმბოლური იყო. ეს რომ პირად მოტივებზე დაფუძნებული ყოფილიყო, ან უბრალოდ გულის მოფხანა, შემეძლო, ისეთი ადგილი მომეძებნა, სადაც ვიფიქრებდი, რომ კამერები არ იქნებოდა.
ამ მხარეს ვინც ვართ, პირადისთვის არ ვიბრძვით, ეგ მეორე მხარეა. ჩემ მიერ გაწნულ სილას არც საამაყოდ ვთვლი და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ. მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და ღირსეული ადამიანი, დაამცირეს, ღირსება შეულახეს. ნინო დათაშვილი მანდატურებმა მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს და როცა გაბრაზებულმა ამაზე პასუხი გასცა, დააპატიმრეს.
სირცხვილია.
ტკივილზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება, პოლიციელს მართლა ეტკინა, მაგრამ ტკივილის მიყენება რომ მდომოდა, სხვანაირად მივაყენებდი. თუმცა, ეს იყო სიმბოლური კადრი და ეს კადრშივე გავაკეთე. დავუშვათ, მართლა ეტკინა, ამ პარადიგმაში, როგორიც ქართველი პოლიციელის ლოყაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ? მოსამართლეს: ეს ბრძოლა, რომელშიც მე ვარ, თქვენი შვილებისთვისაც არის”
ამის შესახებ, პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლოზე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
მოსამართლემ ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს. რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.