ოთხი მიმართულებით ოკუპანტების 50-მდე შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ანგარიშში ნათქვამია რომ რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.  უკრაინელებმა, მტრის 50-მდე შეტევა, 4 მიმართულებით მოიგერიეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ავდიივკას, სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

  • „მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მარინკასა და ნოვომიხაილოვკის დასახლებებში. ამავე დროს, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, მარინკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბა“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.