ომში მილიონების ხარჯვის ნაცვლად, შენს ხალხზე იზრუნე – კულება პუტინს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ურჩევს, ომების წარმოების ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას მიხედოს.

VICE News-ის კითხვაზე, რას ეტყოდა პუტინს, თუ მას შეხვდებოდა, კულება ამბობს:

„შენს საქმეს მიხედე, იზრუნე შენს ხალხზე. თუ ის კონცენტრირდება რუსეთის კეთილდღეობასა და მომავალზე, ნაცვლად იმისა, რომ დახარჯოს მილიონები ომზე, კიბერთავდასხმებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ომის საფრთხის ჩანერგვაზე, რუსეთი სხვანაირი იქნებოდა, ბევრად უკეთესი ადგილი საცხოვრებლად, ჩვენ კი ნაკლები თავის ტკივილი გვექნებოდა“ , – თქვა უკრაინის საგარეო მინისტრმა ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, კიევი და მისი პარტნიორები მუშაობენ, რათა თავიდან აიცილონ „უარესი სცენარი“, რადგან „პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, მიიღოს ის, რაც სურს წითელი ხაზის გადაკვეთის გარეშე“.

კულება აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ძალიან ეხმარება უკრაინას, ზოგიერთი სახელმწიფო კი არ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია.