ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ – სამადაშვილი

“ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ “-  ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა . მისი თქმით, “ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ გააკეთოს რაიმე განცხადებები, რომელიც შეიძლება ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს”.

“დღეს უბრალოდ მიმაჩნია, რომ არაფრისმომცემია საუბარი იმაზე, რაღაც დეტალებზე, ჩვენ როგორ მივუდგებით ვადამდელი არჩევნების საკითხს. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ რამეს, როდესაც მიშელის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ მოლაპარაკებების გეგმაში, სადაც არის ჩამოთვლილი, რა თემებზე უნდა შედგეს შეთანხმება, ჩაიწერა, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც უნდა მოხდეს პროგრესი. ამიტომ, ახლა როდესაც ჩვენ ვართ ძალიან მგრძნობიარე მომენტში, მე უბრალოდ ვერ ვხედავ რისი მომცემია წინსწრებით განცხადება იმის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ ერთ გზას ან მეორეს ჩვენ არ განვიხილავთ. ამას ხელზე დაიხვევს ქართული ოცნება და შეეცდება, რომ გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ.

ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური კონსტრუქციულობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების თემა და კიდევ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი – ჩვენ თუ დღემდე რამე წარმატებს მივაღწიეთ, მივაღწიეთ იმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აფიქსირებს გაერთიანებულ პოზიციას. ოპოზიციის დანაწევრება არის ქართული ოცნების სტრატეგია და ტაქტიკა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.