“გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.
სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!”
ასე ეხმაურება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისში პარტიის ოფისის გახსნის შესახებ კრიტიკას.